უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ მომავალ კვირას რუსეთმა შესაძლოა "განსაკუთრებით სასტიკი ქმედებები" ჩაიდინოს.
ზელენსკის თქმით, მომავალ კვირას უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს და დროშის დღეს აღნიშნავს, ამიტომ ის რუსეთის გააქტიურებას არ გამორიცხავს. ამავე კვირაში დაგეგმილია ყირიმის დეოკუპაციის საბჭოს პირველი სამიტის ჩატარება.
"ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მომავალ კვირას რუსეთმა შესაძლოა რამე განსაკუთრებით სასტიკი და საშინელი ქმედება ჩაიდინოს. ასეთი მტერი გვყავს. თუმცა სხვა ნებისმიერ დროსაც, სანამ ეს 6-თვიანი ომი გრძელდება, რუსეთს ასევე ჩაუდენია საშინელი ქმედებები. წელს ყირიმის ჰაერში იგრძნობა რომ ოკუპაცია დროებითია, ხოლო უკრაინა ბრუნდება", - თქვა მან ვიდეო მიმართვაში.
ზელენსკი ამბობს, რომ რუსების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - დაამციროს უკრაინელები, იმედები გადაუწუროს, გაავრცელოს შიში.
"ამიტომ მნიშვნელოვანია, არც ერთი წამით არ დავუთმოთ მტერს არაფერი, არ გამოვიჩინოთ სისუსტე. მნიშვნელოვანია ერთად დგომა, ერთმანეთის დახმარება, აღვადგინოთ დანგრეული - ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხისთვის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა.